მუშაობის სპეციფიკა
"მწვანე სახლი" ეყრდნობა ფრანგული ფსიქოანალიტიკური, ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის მრავალწლიან, მდიდარ გამოცდილებას.
ინსტიტუციის მიზანია ბავშვთა ფსიქიკური დარღვევების პრევენცია, სისტემური ჩარევა ადრეულად გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სანამ პრობლემა გაღრმავდება და რთულ, კომპლექსურ პათოლოგიად ჩამოყალიბდება. ხოლო უკვე ჩამოყალიბებული დარღვევების შემთხვევაში კი მკურნალობა-რეაბილიტაცია.
„მწვანე სახლის“ ფსიქოლოგები მუშაობენ სხვადასხვა სირთულის ემოციური, კომუნიკაციის, ქცევის, მეტყველების, განვითარების დარღვევების და სხვა პრობლემების მქონე პატარებთან, მათ შორის აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დროს.
თბილისის მწვანე სახლის ფუნქციონირება და კლინიკური მუშაობა ემსახურება, შემდეგს:
პრევენცია
ბავშვთა ფსიქოპათოლოგიაში უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქიკურ დარღვევათა ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას. ისეთი ფსიქიკური აშლილობები, როგორიც არის ბავშვთა აუტიზმი და განვითრების მძიმე დარღვევები ხშირ შემთხვევაში სწორედ ადრეულ, ჩვილობის ასაკში ოჯახთან, გარემოსთან, პირველად ობიექტებთან აფექტური და ემოციური ურთიერთობის დარღვევებით არის გამოწვეული. აქედან გამომდინარე, დარღვევების პირველადი კლინიკური ნიშნების იდენტიფიცირება და ადრეული ფსიქოთერაპიული ინტერვენცია, რომელიც ფსიქოლოგის, ბავშვისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით ხორციელდება, ამ დაღვევათა შემსუბუქების ან თავიდან აცილების საუკეთესო გზას წარმოადგენს. მწვანე სახლის მუშაობის ძირითადი პრინციპი სწორედ პრევენციას ეფუძნება, რადგან ის წარმოადგენს ადგილს, სადაც ბავშვს, ისევე როგორც მის მშობლებსა და ოჯახის წევრებს სთავაზობს სრულიად განსაკუთრებულ სივრცეს, რომელიც მკაცრად ემიჯნება პედაგოგიურ, აღმზრდელობით ან სამედიცინო დაწესებულებას და მთლიანად არის ორიენტირებული ბავშვისა და ოჯახის ფსიქიკურ ცხოვრებაზე, ოჯახისა და ბავშვის ფსიქობიოგრაფიაზე, წარსულში განცდილი ტრავმატიზმებისა თუ პათოგენური მოვლენების გადამუშავებასა და მათ ფსიქიკურ ინტეგრაციაზე, ისევე როგორც ბავშვთან და მის მშობლებთან ახალი ფსიქიკური შესაძლებლობებისა და რესურსების აღმოჩენაზე.
მწვანე სახლი, როგორც ინსტიტუცია, რომელიც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის პრინციპებს ეფუძნება უპირატესობას ანიჭებს არა მხოლოდ სიმპტომს, გარეგნულ ქცევით გამოვლინებებს ან კონკრეტულ დარღვევას, რომელიც კლინიკური სურათის მხოლოდ ერთ ასპექტეს შეიძლება წარმოადგენდეს, არამედ მთლიანად სუბიექტს, ბავშვს როგორც ინდივიდს, რომელიც ოჯახის ისტორიის, მშობლების ფსიქიკური ცხოვრებისა და მათი ცნობიერი თუ არაცნობიერი სურვილების ნაწილია. აქედან გამომდინარე, ბავშვისა და ოჯახის, როგორც ერთი მთლიანი და კომპლექსური სისტემის ზოგიერთი არაცნობიერი და პათოგენური შინაარსების გაცნობიერება მწვანე სახლის ფსიქოთერაპიულ სივრცეში, წარმოადგენს პრევენციის საუკეთესო გზას, რომელიც ბავშვს, ხშირად რამოდენიმე თვის ჩვილ ბავშვსაც კი ეხმარება ადრეულ ასაკში სიმპტომების დონეზე გამოვლენილი სერიოზული ფსიქიკური დარღვევების თავიდან აცილებაში.
თერაპია
2006 წლიდან მწვანე სახლის ფსიქოლოგებისთვის ნათელი გახდა, რომ მათი მუშაობის მიზანი მხოლოდ პრევენცია არ შეიძლებოდა ყოფილიყო. საქართველოში ბავშვთა ფსიქკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და კვალიფიციური ცენტრების სიმცირე გახდა მიზეზი, იმისა, რომ დღეს მწვანე სახლის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას, გარდა პრევენციისა, ბავშვთა და მოაზრდთა ფსიქიკური დაღევევების თერაპიაც წარმოადგენს. ბავშვთა ფსიქოთერაპია კომპლექსური ცნებაა და მოიცავს განსხვავებულ თეორიულ, ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ ასპექტებს. მწვანე სახლი, როგორც თერაპიული დაწესებულება კლასიკური მეთოდით მუშაობს, რომელსაც დღეს ბავშვთა ფსიქოანალიზს, ან სხვაგვარად ბავშვთა ფსიქოთერაპიას უწოდებენ, რაც როგორც პაციენტებისგან, აგრეთვე მათი მშობლებისა და თერაპევტებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მოთმინებას და სისტემატიურობას. ბავშვთა ფსიქოთერაპია ეფუძნება სიტყვას, მეტყველებას, ან გამოხატვის სხვა ნებისმიერ ფორმას (ნახატის ანალიზი, ბავშვის სხეულის ენა, ძერწვა, მშობელთა მონათხრობი და რაც მთავარია თამაში, ისევე როგორც ურთიერთობა ფსიქოტერაპევტთან, რომელიც არც ბავშვის მშობელია, არც ექიმი და არც მისი აღმზრდელი), რომელიც პირდაპირი ან სიმბოლური ფორმით გადმოსცემს ბავშვთან ფსიქიკური ტანჯვის, სიმპტომების მნიშვნელობასა და შინაარსებს. ამ მნიშვნელობების გაცნობიერება, მათი ბავშვისა და ოჯახის მიერ ინტეგრაცია და ანალიზი წარმოადგენს თერაპიული მუშაობის ძირითად მიზანს.
თერაპიის შედეგად
-
უმჯობესდება ზოგადი ემოციური მდგომარეობა, ჩნდება უკეთესად ყოფნის, სიმშვიდის განცდა, იხსნება დაძაბულობა, წესრიგდება ძილი და კვება (პარალელურად დედას უმცირდება დანაშაულის გრძნობისა და შიშის განცდა, დეპრესიული მდგომარეობა, ეზრდება ბავშვთან ურთიერთობის მოტივაცია, იძენს ფსიქიკურ ძალას და სიტუაციის მართვის უნარებს).
-
იკლებს შიში გარემოს მიმართ, უმჯობესდება თვალის კონტაქტი, კომუნიკაციის, მოსმენის, სხვებთან ურთიერთობის მოტივაცია და უნარი; უმჯობესდება განვითარებისა და სწავლის, გარშემომყოფებისადმი ინტერესი, მცირდება აკვიატებული და სტერეოტიპული ქცევა.
-
უადვილდება ტუალეტის, კვების, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქცევისა და სხვა სოციალური ნორმების ათვისება, საკუთარი სხეულის აღქმა, სივრცეში ორიენტაცია, იზრდება მეტყველების სურვილი და შესაძლებლობა, ხდება მისი მომზადება საბავშვო ბაღისთვის და ზოგადად, სოციალურ გარემოში ადაპტაციისთვის .
მომსახურების განსაზღვრა ხდება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და დედისა და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით.
„მწვანე სახლს“ პროფესიულ მონიტორინგსა და სუპერვიზიებს უწევს ფრანგული პროფესიული ორგანიზაცია Espace Analytique.
2015 წლიდან "მწვანე სახლი" არის სახელმწიფო სერვისის მომწოდებელი ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამისა.
ბავშვის ფსიქიკური ტანჯვის ვერბალიზებას მასტრუქტურირებელი და სიმბოლური ეფექტი აქვს მის ფსიქიკურ რეალობაზე