top of page
Image by Markus Spiske

თერაპიული ჯგუფი
0-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის

ემსახურება ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციას ადრეული ასაკიდანვე, სანამ ბავშვის მეტ-ნაკლები სიმძიმის პრობლემა გართულდება და შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

ეს სერვისი თავდაპირველად 1979 წელს, პარიზში შექმნა დიდმა ფრანგმა პედიატრმა,  პედოფსიქიატრმა  და ფსიქოანალიტიკოსმა - ფრანსუაზ დოლტომ; შემდეგ ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა და როგორც წესი, ყველგან პოპულარობით სარგებლობს.

საქართველოში ფ. დოლტოს ეს მოდელი მწვანე სახლმა შემოიტანა  2006 წელს. რასაც წინ უძღოდა  მისი  სპეციფიური მეთოდიკის შესწავლა,   რაც  1999-2004 წლებში  მწვანე სახლის მომავალი თანამშრომლებისთვის უზრუნველყვეს   ფ. დოლტოს მოსწავლეებმა- ფრანგმა ფსიქოლოგებმა და ფსიქოანალიტიკოსებმა.

“მწვანე სახლი იმიტომ შეიქმნა, რომ ბავშვებმა დაბადებიდანვე შეძლონ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხოლო მშობლები ადვილად გაუმკლავდნენ შვილებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ სიძნელეებს. ის არც საბავშვო ბაღია, არც საბავშვო ოთახი და არც სამკურნალო ცენტრი. იგი დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, მომვლელებს მასპინძლობს, სადაც მათი პატარები  მეგობრებს შეიძენენ.” -     წერდა ფრანსუაზ დოლტო. 

აქ პატარები დედებთან, მამებთან, ბებია-ბაბუებთან, ძიძებთან ერთად მოდიან, და-ძმის წამოყვანაც კი შეუძლიათ. აქ, დიდ ოთახში ხვდებათ ბევრი სათამაშო, თავისუფალი გარემო, სადაც უფლება აქვთ აკეთონ ის, რაც შეუძლიათ და რაც უნდათ, მხოლოდ რამდენიმე აუცილებელი წესის დაცვით.

 

ნებისმიერი ბავშვი, იმისდა მიუხედავად, ტიპური განვითარებისაა თუ არა, თავისი  ქცევით,  თამაშით, მიმიკით, მანერებით, “სხეულის ენით” საკუთარ ხასიათს, ემოციურ მდგომარეობას (სიხარულს, გაკვირვებას, შიშს, შფოთვას და ა.შ) გამოხატავს, რასაც უფროსებისგან თანაგანცდა, ახსნა, ინტერპრეტაცია და სიტყვებით გამოთქმა სჭირდება; პატარებს ასევე სჭირდებათ დახმარება ერთად თამაშში, სოციალური ურთიერთობების გათავისებაში, მისაღები ფორმით საკუთარი განცდებისა თუ სურვილების გამოხატვაში, პიროვნულ განვითარებაში.

 

მასპინძელი ფსიქოლოგები თითოეულ ბავშვს უსმენენ  (როცა არ ლაპარაკობს, მაშინაც) და ეხმარებიან, დირექტივებისა და იძულების გარეშე. აქ მშობლებსაც ეხმარებიან, რომლებიც შვილების გამო ნერვიულობენ,   კითხვებიც აქვთ, სპეციალისტებისგან  ყოველდღიურად გამოსადეგი რჩევები და მხარდაჭერა სჭირდებათ. აქ მათ   შეუძლიათ   ერთმანეთი გაიცნონ,  სხვა ბავშვების ქცევას დააკვირდნენ,   საკუთარ განცდებზე ისაუბრონ ან უბრალოდ, ცოტა დაისვენონ.

 

პრევენციული ჯგუფი, როგორც წესი,  ინტეგრირებულია; აქ ტიპურ ბავშვებთან ერთად ყოველთვის არიან ბავშვები, რომლებსაც განვითარების დაყოვნება, აუტისტური სპექტრი ან სხვა დიაგნოზი აქვთ.

 

ეს სპეციფიური  თერაპიული მიდგომა  ყველასთვის შედეგიანია; ბავშვისა და დედის ემოციურ მდგომარეობას, ურთიერთდამოკიდებულებას,  სოციალურ უნარებს აუმჯობესებს და ბავშვის პიროვნულ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს.

 

ამ სერვისის ეფექტიანობა საფრანგეთში ჩატარებული არაერთი კვლევით არის დადასტურებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს თერაპიული ჯგუფი მნიშვნელოვნად უადვილებს ბავშვებს საბავშვო ბაგა-ბაღში ადაპტაციას. 

Image by Marisa Howenstine

დაგვიკავშირდით

თბილისი, ჩიტაიას ქ. 17

+995 599 649 067

© 2021 მწვანე სახლი

bottom of page